ისტორიის მეოთხე კონკურსი საქართველოში - ტრადიცია გრძელდება

ისტორიის მეოთხე კონკურსი საქართველოში - ტრადიცია გრძელდება

ისტორიის კონკურსი, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 2017 წლიდან რამდენიმე ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება, საქართველოში წელს მეოთხედ ჩატარდა.

ვრცლად
ევრონიუსის ეთერში ისტორიის კონკურსის გამარჯვებული მოსწავლე ნიკოლოზ სხირტლაძე

ევრონიუსის ეთერში ისტორიის კონკურსის გამარჯვებული მოსწავლე ნიკოლოზ სხირტლაძე

13 სექტემბერს, ევრონიუსი საქართველოს ეთერში სტუმრად ისტორიის კონკურსის გამარჯვებული, თბილისის 133-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, ნიკოლოზ სხირტლაძე და პროექტში მისი ხელმძღვანელი, პედაგოგი ეკატერინე მაისურაძე იყვნენ.

ვრცლად
16 დეკემბრის ტრენინგები

16 დეკემბრის ტრენინგები

16 დეკემბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, “ისტორიის სწავლების სახელმძღვანელო - მეთოდური რეკომენდაციები კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის” ჩატარდა 2 ტრენინგი შემდეგ თემებზე:

ვრცლად

კონცეფცია

ისტორია - პროპაგანდის ინსტრუმენტი

თავისი ბუნებიდან გამომდინარე ისტორია იშვიათად თუ ყოფილა თავისუფალი ობიექტური თუ სუბიექტური ზეგავლენისაგან. ხელისუფლება, როგორც წესი, აკონტროლებდა მემატიანეთა ნაწერსა და ნააზრევს და რაკი დამკვეთი თავად იყო, ფაქტებისა და მოვლენების ასახვაც მისთვის მისაღები და სასურველი უნდა ყოფილიყო. ისტორიის ფალსიფიკაცია, მისი შელამაზება და მმართველი რეჟიმის იდეოლოგიით ინტერპრეტაცია ძველი დროიდანვე საყოველთაოდ ცნობილი ამბავია. ეს ასე იყო ყველა ქვეყანაში, რადგან თითქმის ყველა ხელისუფლება ესწრაფოდა, შეექმნა წარსულის მისთვის ხელსაყრელი ვერსია.

ახალი დატვირთვა და განსხვავებული ფუნქციები ისტორიას დაეკისრა ტოტალიტარულ და დიქტატორულ რეჟიმებში. მას მოცემული რეჟიმის ლეგიტიმაცია დაევალა. პარალელურად, პოლიტიკური სისტემის ერთგული, მორჩილი და კონფორმისტი ადამიანების ფორმირებაზეც უნდა ეზრუნა და მასები მმართველი ძალის მხარდასაჭერადაც განეწყო.

ისტორიის გაყალბება პროპაგანდის ერთ-ერთი გვრცელებული მეთოდია, რა დროსაც დაინტერესებული მხარე, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ისტორიული ფაქტების უარყოფას და წარსულის რევიზიას ახდენს. ამ მიზნით ისტორიული დოკუმენტების, სტატისტიკის, წყაროების გაყალბება, ხოლო არასანდო წყაროების ლეგიტიმურად წარმოჩენა ხდება. ისტორიით მანიპულირება მეტწილად პოლიტიკურ მიზნებს ისახავს: საზოგადოების მობილიზებას, მტრის ხატის შექმნას, მოწინააღმდეგის დემონიზებას, ძლიერების ილუზიის შექმნას. აკადემიურ სივრცეში ამ მეთოდს “რევიზიონიზმს” უწოდებენ.

მიუხედავად იმისა, რომ თავად ტერმინი „პროპაგანდა“ მე-16 საუკუნემდე იშვიათად თუ შეგხვდებათ, ამბავი იმისა, თუ როგორ ავრცელებენ ინფორმაციას საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებზე ზეგავლენის მოსახდენად, ჯერ კიდევ ხამურაბის კანონების დროინდელია. სწორედ ხამურაბის კანონების პოპულარიზაციისათვის უკვე არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც უხსნიდნენ სხვა ადამიანებს, რომ კანონი იმისათვისაა, რათა გაათანაბროს ყველა ადამიანი და ერთნაირად მოეკითხოთ დანაშაულისათვის.

ინფორმაცია რომ მძლავრი იარაღი იყო, ამას ჩინელი მხედართმთავარი და მსოფლიოში, ალბათ ყველაზე ცნობილი სამხედრო თეორეტიკოსი სუნ-ძიც კარგად აცნობიერებდა და მის მიერ შემუშავებულ ტრაქტატში, „საბრძოლო ხელოვნება“, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საინფორმაციო ზეგავლენის უპირატესობების აღწერას.პროპაგანდამ, როგორც ნეგატიური დამოკიდებულების აღმნიშვნელმა ტერმინმა, თავის დამკვიდრება მე-20 საუკუნის პირველი ნახევრიდან დაიწყო. პროპაგანდისტული ბრძოლა ევროპის კონტინენტზე ჯერ პირველი, შემდეგ კი მეორე მსოფლიო ომის დროს გაჩაღდა და მას შემდეგ, ალბათ არც შეჩერებულა. პროპაგანდის აღზევების პერიოდად მაინც მეორე მსოფლიო ომი შეგვიძლია მივიჩნიოთ, როცა ნაციზმის ხელში ინფორმაცია ტოტალური კონტროლის იარაღად გადაიქცა და საბოლოოდ დამკვიდრდა აღქმა, რომ პროპაგანდა ბოროტების, სიცრუის, სიბნელისა და უკეთურების გავრცელებაა. თუმცა, ამავე პერიოდში იწყება ახალი გზების ძიება პროპაგანდის დასამარცხებლად. თავიდან კონტრპროპაგანდით – რაც იდეაში პროპაგანდის მეთოდების გამოყენებით საწინააღმდეგო აზრის ტირაჟირებას ნიშნავდა. შემდეგ კი, უფრო ეფექტიანი ბრძოლის, ფსიქოლოგიური და საინფორმაციო ოპერაციების მექანიზმების განვითარებით.

საბჭოთა პერიოდში მოსახლეობას მონოტონურად უმეორებდნენ ერთსა და იმავე ყალბ ინფორმაციას და პროპაგანდისტული მანქანა ადამიანების გონებას საჭირო ინფორმაციით ავსებდა. საომარ პროპაგანდას აქვს ორი მიმართულება: მტრის ჯარი და მოსახლეობა და საკუთარი ჯარი და მოსახლეობა. აქაც პროპაგანდისტული სტილი ერთვება, რადგან საკუთარი მოსახლეობა უნდა დაარწმუნო იმაში, რაც მას სჭირდება. საკუთარი ქვეყნის მოსახლეობაზე ზემოქმედების მაგალითი იყო საბჭოთა სკოლებში ინფორმაცია ლენინზე… მაგალითად, ლენინის ბავშვობის პორტრეტი - ხუჭუჭთმიანი ბავშვის გამოსახულებით აჭრელებული წიგნები და მის შესახებ ლექსები და სიმღერები, პოეტების, მომღერლებისა და მხატვრების მიერ პროპაგანდისტული ფრონტის გაშლა საიმისოდ, რომ მოსახლეობაში დაემკვიდრებინათ აზრი, რომელიც სახელმწიფოს სჭირდებოდა.

რაც პოლიტიკა არსებობს, მუდმივად ყალიბდება ამგვარი კომუნიკაცია ხელისუფლებასა და სამიზნე აუდიტორიას შორის. პროპაგანდა არასოდეს გადმოიცემა კომპლექსური, რთული და ინტელექტუალური მესიჯებით. ის უნდა იყოს მარტივი, რომ ბევრი ადამიანის მოზიდვა შეძლოს და მუდმივად წერტილოვნად უნდა ურტყას სამიზნეს. განმეორებადობის, შეხსენების, ტვინის კონკრეტული უბნების მუდმივი დაბომბვის მიზანია, დაარწმუნოს ადამიანი, მაგალითად, აიღოს ხელში დროშა და გავიდეს ქუჩაში… მსოფლიოს პროპაგანდის ნათელი მაგალითების გახსენება შეიძლება მეოცე საუკუნიდანაც. ნაციზმის პირობებში ეს ყველაზე შოკის მომგვრელი იყო.

პროპაგანდის სქემაში ერთმანეთში უნდა იყოს აზელილი საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებები, რომლებშიც ადამიანი ეჭვს ვერ შეიტანს, მაგრამ ისე უნდა იყოს დალაგებული, რომ მთავარი გახდეს პროპაგანდისტული მესიჯები, რომლებიც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს მესიჯები სანდოა. ეს მეთოდი ტროას ცხენის პრინციპით მოქმედებს: არსი სანდოა, მაგრამ ფორმა და შინაარსი პროპაგანდისტულია და თავის მიზანს აღწევს… შეიძლება, გამოააშკარავო სიყალბე, თუმცა პოსტფაქტუმ რეაგირება ისეთი ეფექტიანი არ არის, რადგან პროპაგანდის ჭურვმა უკვე მიაღწია აუდიტორიამდე და თავისი საქმე გააკეთა… როგორც წესი, ეძებენ აუდიტორიას, სადაც ანალიზის, აზროვნების უნარი და ცოდნის დონე დაბალია. ამიტომ განათლების დონის ამაღლება ის იარაღია, რომელიც დიდ პრობლემებს უქმნის მოწინააღმდეგეს.

რაც შეეხება ისტორიაზე დაფუძნებულ პროპაგანდას, ისტორია, ერთი შეხედვით, ჰუმანიტარული მეცნიერების რიგითი, ჩვეულებრივი დარგია, რომელიც მოწოდებული შეიცნოს და შეისწავლოს წარსული, შეძლებისდაგვარად წარმოაჩინოს მისი რეალობასთან მიახლოებული სურათი. მაგრამ, იმავდროულად, ისტორია მრისხანე იარაღია სახელმწიფოთა ხელში საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და სტრატეგიული ინტერესების განსახორციელებლად, როდესაც იგი იდეოლოგიის როლს ასრულებს.

საბჭოთა ხანაში ისტრიას უნდა ეკისრა ძალაუფლების მპყრობელი პარტიისა თუ ბელადის წარსულის განდიდება და ხელისუფლებაზე მათი უპირობო უფლების არგუმენტირება. წარმოებდა წარსულის ინსტრუმენტალიზაცია კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისათვის, ისტორიულმა ცნობიერებამ სოციალური რეგულაციის ფუნქცია შეიძინა. ამგვარმა მიდგომამ ისტორია პუბლიცისტიკად ან შიშველ პროპაგანდად, ხოლო ისტორიული ნარატივი კი აგიტაცია-პროპაგანდის საფუძვლად აქცია.

საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდგომ ფართო გავრცელება ჰპოვეს ისტორიის განსხვავებულმა ვერსიებმა. გაჩნდა ფალსიფიცირებული და იდეოლოგიზირებული წარსულის მართებულად გააზრების შესაძლებლობა, მაგრამ ისტორიულმა ნარატივმა უფრო მეტად ეთნოისტორიის სახე შეიძინა. გამოიკვეთა საერთო წარსულის მიტაცების მცდელობა.

პროექტის პარტნიორები

პროექტის შესახებ

პროქტი - “ისტორიის სწავლების სახელმძღვანელო-მეთოდური რეკომენდაციები კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის”; რომელიც ხორციელდება გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) და გერმანული კოერბერის ფონდის (Körber Stiftung) ეგიდითა და გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში, მიზნად ისახავს ისტორიაზე დაფუძნებული პროპაგანდის მაგალითების კრიტიკული კვლევას სკოლის სახელმძღვანელოებში, დამხმარე ლიტერატურაში, ისტორიის მასწავლებელთა მომზადება-გადამზადების პროგრამებში, სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას და ცვლილებების დანერგვას ისტორიის მასწავლებელთა მომზადების და გადამზადების სისტემაში.

საქართველოს მხრიდან პროექტის პარტნიორები არიან ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია (GAHE) და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SovLab).

English / Русский