ისტორიის მეოთხე კონკურსი საქართველოში - ტრადიცია გრძელდება

ისტორიის მეოთხე კონკურსი საქართველოში - ტრადიცია გრძელდება

ისტორიის კონკურსი, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 2017 წლიდან რამდენიმე ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება, საქართველოში წელს მეოთხედ ჩატარდა.

22 სექტემბერს თსუ-ს ზვიად გამსახურდიას სახ. აუდიტორიაში კონკურსის გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოება გაიმართა.

კიორბერის ფონდთან (Korber Foundation), ევროპული ქსელ EUSTORY-თან და რამდენიმე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად DVV International-ი მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში 2017 წლიდან ახორციელებს პროექტს „ისტორიის კონკურსები“ (https://historycompetitions.ge), რომელსაც გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტრო აფინანსებს. პარტნიორები საქართველოს მხრიდან არიან ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია (იმსა) და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი).

ახალგაზრდებთან, სამოქალაქო საზოგადოების აქტიორებთან და მასწავლებლებთან მუშაობის თვალსაზრისით პროექტი მეტად ეფექტური აღმოჩნდა და თემების ფართო სპექტრიც მოიცვა, რომელთა შორის განსაკუთრებით საინტერესო, აქტუალური და ამავე დროს რთულიც იყო 2023-2024 წლების კონკურსის თემა - „პროპაგანდა - ისტორიის გაყალბების მექანიზმი“, რომელზეც მოსწავლეებმა და ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა იმუშავეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

კონკურსს წინ ინტენსიური მოსამზადებელი პერიოდი უძღოდა. ტრადიციულად გაიმართა ტრენინგები, ონლაინ შეხვედრები და დისკუსიები, რომლებიც ითვალისწინებდა “ისტორიის სწავლების მეთოდური რეკომენდაციების შემუშავებას კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის”. ამ მიზნით, დარგის წამყვანი სპეციალისტების დახმარებით, ჩატარდა საბჭოთა და დამოუკიდებლობის პერიოდის ისტორიის სახელმძღვანელოების შედარებითი კვლევაც, ისტორიაზე დაფუძნებული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, იდეოლოგიური და კულტურული პროპაგანდის მიმართულებით, ხოლო კვლევის საფუძველზე მომზადდა მეთოდური სახელმძღვანელო სკოლის მასწავლებლებისა და უმაღლესი სკოლების სტუდენტებისთვის, რომლის პრეზენტაციაც უახლოეს ხანში გაიმართება, მასალები კი პროექტის ვებგვერდზე განთავსდება.

ამგვარად, რამდენიმე თვიანი აქტიური მუშაობის შედეგად წელსაც გამოვლინდნენ კონკურსის გამარჯვებულები. დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს კულტურის ატაშემ, ლაიფ შტრიოსნერმა, საქართველოს განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა, თეა ქარჩავამ, ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ნანა ციხისთავმა, DVV International-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა, პროექტის კოორდინატორმა ლიკა კაციტაძემ, რომელმაც თავის პრეზენტაციაში მოკლედ მიმოიხილა პროექტის მიზნები, ამოცანები და მის ფარგლებში უკვე განხორციელებული აქტივობებისა და სამომავლო ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

ლაიფ შტრიოსნერმა გერმანიის გამოცდილებიდან საინტერესოდ გაიხსენა ისტორიის გაყალბებისა და პროპაგანდის მძიმე შედეგები, რომელიც ქვეყანამ გასულ საუკუნეში განიცადა; ისაუბრა საზოგადოებისთვის ისეთი პროექტების მნიშვნელობაზე, რომელიც ისტორიის სწორად წაკითხვასა და ამის პრევენციას უზრუნველყოფს; მოკლედ, თუმცა, შთამბეჭდავად მიმოიხილა გერმანიის ომის დროს წარმოებული არასწორი, დამღუპველი პროპაგანდა, რაც ქვეყნისათვის “ზურგში მახვილის ჩაცემის” ტოლფასი გახდა; ისაუბრა, თუ რა მტკივნეულად განიცადა გერმანიამ ყალბი პროპაგანდის შედეგები და დაზარალდა როგორც სახელმწიფო; რომ შეიძლება, მსგავსება დავინახოთ რუსეთთან მიმართებაში საქართველოს უახლეს ისტორიაშიც, რომელიც, ასევე, ყალბდება, “ტყუილი კი ჩვენი წარსულისა თუ დღევანდელობის შესახებ წამლავს აწმყოსაც და მომავალსაც”; ამ საფრთხის თავიდან არიდებაში მან სწორედ ასეთი პროექტების მნიშვნელობა და ახალგაზრდების როლი გამოკვეთა და გამარჯვება მიულოცა კონკურსის მონაწილეებს.

თეა ქარჩავამ თავის გამოსვლაში ისტორიის სწავლებისას ისტორიის ფილოსოფიასა და მისი მნიშვნელობის გააზრებას გაუსვა ხაზი, ასევე, ისტორიული პროცესების სწორად გაგებასა და შეფასებას პედაგოგებისა და მოსწავლეთა მხრიდან, რის შედეგადაც ისტორიის როლზე საუბარი უფრო შინაარსიანი გახდება; მიესალმა ამგვარ პროექტებს და განათლების სამინისტროს მხრიდან მათ მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა, კონკურსის მონაწილეებს კი შემდგომი წარმატებები უსურვა.

როგორც ნანა ციხისთავმა აღნიშნა, ეს კონკურსი იმდენად მნიშვნელოვანია გერმანიაში, რომ ყოველ წელს ის გერმანიის პრეზიდენტის პატრონაჟით იმართება; რომ ამ ევროპული კონკურსის საქართველოში გადმოტანა ძალიან წარმატებული გამოდგა და შედეგი ჩვენშიც გამოიღო - კარგი გაგებით, “ისტორიით მოწამლა ახალგაზრდობა”; ისტორიის კონკურსის ფარგლებში DVV International-თან რვაწლიან თანამშრომლობაზე ისაუბრა და ისტორიის სწორად სწავლებაში ასეთი პროექტების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, რისთვისაც მათი ასოციაცია ძალისხმევას არ იშურებს.

კონკურსის გამარჯვებულებს ვიდეო-მიმართვით მიესალმა პროგრამის EUSTORY, Körber-Stiftung დირექტორი კატია ფაუზერი: EUSTORY არის ქსელი, რომელიც ოცზე მეტ ისტორიის კონკურსს აერთიანებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, - თქვა მან, - ჩვენ ყოველწლიურად ვაწყობთ ამ ქვეყნებიდან კონკურსების გამარჯვებულთა შეკრებას, რომლის მიზანია, გაიცნოთ ერთმანეთი, საუბარი გააგრძელოთ ისტორიაზე, იდენტობაზე… შემდეგი შეხვედრა ლატვიაშია დაგეგმილი, სადაც 23-დან 27 ოქტომბრამდე ჩატარდება EUSTORY-ის 2024 წლის სამიტი და მასში 20-ზე მეტი ქვეყნიდან 120-ზე მეტი ისტორიის კონკურსის გამარჯვებული მიიღებს მონაწილეობას. წელს სამიტის ფარგლებში იმართება ისტორიის ბანაკიც, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები საქართველოდან, სომხეთიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან.

იმედი მაქვს, ამ გამოცდილების შედეგად გაგიჩნდებათ სურვილი, უფრო მეტად ჩაერთოთ და გაიფართოვოთ თვალსაწიერი, მეტი გაიგოთ წარსულის შესახებ. მოხარული ვიქნები, თუკი ზოგიერთ თქვენგანს მომავალში კვლავაც შევხვდები.”

დაბოლოს, ღონისძიების კულმინაცია - პროექტის კოორდინატორმა ლიკა კაციტაძემ კონკურსის გამარჯვებულები დაასახელა და სიგელები და ფასიანი ვაუჩერები გადასცა მათ. ადგილები კი ასე გადანაწილდა:

პირველი ადგილი

ვიდეო - „პიონერული ორგანიზაცია, როგორც საბჭოთა პროპაგანდის საუკეთესო საშუალება“

ავტორი: ნიკოლოზ სხირტლაძე; პედაგოგი: ეკა მაისურაძე; თბილისის N133 საჯარო სკოლა

მეორე ადგილი

ესსე - „წარსულის მოჩვენება“

ავტორი: მარიამ არეშიძე; პედაგოგი: მიხეილ სართანია, თბილისის ჯამლეტ ხუხაშვილის სახელობის N50 საჯარო სკოლა

მესამე ადგილი

ესსე - „საბჭოთა პროპაგანდა - გონებაზე ზემოქმედების საბჭოთა ,,ინსტრუმენტი“

ავტორები: მარიამ ტალახაძე, ანი კიკაძე, ლიზი მახარაძე; პედაგოგი: ნათელა გოგოლაძე;

ლესია უკრაინკას სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N3 საჯარო სკოლა

ჟიურის წამახალისებელი პრიზი

ესსე - „ისტორიის გაყალბება აფხაზეთის კონფლიქტის ჭრილში“

ავტორი: მიქაელ კურტანიძე; პედაგოგი: ჯაბა ლაბაძე; სურამის მეორე საჯარო სკოლა

ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის (იმსა) წამახალისებელი პრიზი

ესსე  - „ქაქუცა ჩოლოყაშვილი - გმირი თუ ანტიგმირი?“

ავტორი: თათული კუპრაძე; პედაგოგი: ნანა სოლოღაშვილი; თბილისის 89-ე საჯარო სკოლა.

კონკურსში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა და მათმა ხელმძღვანელებმა სამადლობელი სიტყვებით მიმართეს დამსწრეთ და თემაზე მუშაობის შთაბეჭდილებები გაუზიარეს. ღონისძიება პროექტის ფეისბუქგვერდზე იყო ტრანსლირებული.

ამგვარად, კონკურსის გამარჯვებული 4 მოსწავლე წელს გაემგზავრება რიგაში, სადაც ისტორიის ბანაკის პარალელურად ევროპული ისტორიის კონკურსების ქსელის EUSTORY-ის სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას, ხოლო პროექტის მონაწილე 5 პედაგოგი - საშემოდგომო აკადემიაში, რომელიც ჩერნოგორიაში ჩატარდება. წინა პროექტში ამგვარი ღონისძიების მასპინძელი საქართველო იყო. პროექტის ფარგლებში გამოიცა, ასევე, თემატური კალენდრები და 3 პუბლიკაცია, რომლებშიც კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეთა ნაშრომები შევიდა. წელს კი, დონორის მოთხოვნით, დაგეგმილია პუბლიკაციის მხოლოდ ონლაინ ვერსია, რომელიც ისტორიის კონკურსებისა და DVV International-ის ვებგვერდებზე განთავსდება.

რიტა ბაინდურაშვილი

English / Русский