ისტორიის კონკურსი 4 - „ისტორიის გაყალბება - პროპაგანდის ინსტრუმენტი“
გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) და გერმანული კოერბერის ფონდის (Körber Stiftung) ეგიდითა და გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ისტორიის კონკურსი უკვე მეოთხედ ტარდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში.
საქართველოს მხრიდან პროექტის პარტნიორები არიან ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია (GAHE) და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SovLab).
ახალი პროექტის სახელწოდებაა: “ისტორიის სწავლების სახელმძღვანელო-მეთოდური რეკომენდაციები კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის”.
მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ისტორიაზე დაფუძნებული პროპაგანდის მაგალითების კრიტიკული კვლევა სასკოლო სახელმძღვანელოებში, დამხმარე ლიტერატურაში, ისტორიის მასწავლებელთა მომზადება-გადამზადების პროგრამებში, სათანადო რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამისი ცვლილებების დანერგვა ისტორიის სწავლებაში. დაგეგმილია კონკურსის თემასთან დაკავშირებული ტრენინგები მასწავლებლებისათვის და კონსულტაციები კონკურსში მონაწილე მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის.
წლევანდელი კონკურსის თემად შეირჩა „ისტორიის გაყალბება - პროპაგანდის ინსტრუმენტი“. საწყის ეტაპზე შეირჩევა ისტორიის მასწავლებელთა ჯგუფი, რომლებიც თემატური ტრენინგების გავლისა და კვლევებში მონაწილეობის შემდეგ დაინტერესებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს დაეხმარებიან საკონკურსო თემების შერჩევაში და შესაბამისი ნაშრომების მომზადებაში.
პროექტი ხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (TSU) და კავკასიის უნივერსიტეტის (CU) პატრონაჟით.
პროექტის განხორციელებას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის, 15 მაისი, 24:00 საათი.