საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში გამართული ისტორიის კონკურსის შესახებ
რატომ კონკურსები?
კონკურსი, რომელსაც სათავე საპრეზიდენტო კონკურსის სახელითა და კორბერის ფონდის დაფინანსებით გასული საუკუნის 70-იან წლებში გერმანიაში დაედო, საკმაოდ სიცოცხლის უნარიანი აღმოჩნდა და მალე გასცდა გერმანიის ფარგლებს - მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი… საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდა წელს. რატომ? ეს არის ისტორიის კონკურსი, რომელსაც საყოველთაოდ აღიარებული პოლიტიკური შეხედულებებისა და დამოკიდებულებების მიღმა, ბევრად უფრო ვიწრო, პიროვნული, პირად გამოცდილებებზე დამყარებული ხედვა და ემოციები მოაქვს და შეულამაზებლად გვანახებს რეალობას. ისტორია პათოსით გაჟღენთილი მითები და ლეგენდები როდია (როგორც ჩვენ გვასწავლეს), არამედ პირუთვნელი რეალობაა, ადამიანების თავს გადამხდარი. დიახ, აქ ვერ ნახავთ პროფესიონალი მკვლევარებისა თუ ისტორიკოსების ნააზრევს, დოგმებს, აქ არაფერია გაშალაშინებული, დავარცხნილი და არსებულ პოლიტიკას მორგებული, არამედ აქ ის პირადი ისტორიებია, ის უშუალო თავგადასავლები, რომლებიც არსად თქმულა და გამოქვეყნებულა, თუმცა, სრული სიზუსტითა და სიცხადით გვიხატავს იმ ეპოქასა და მოვლენებს, რომელსაც კონკურსის თემა ეხება. არც კონკურსის მონაწილე ახალგაზრდები არიან დროისა და გარემოებების წნეხით შებოჭილნი და სრულიად შეულამაზებლად, თავიანთი გულწრფელი განცდებითა და შეუბღალავი, საღი გონებით გადმოსცემენ სათქმელს. მათი განცდილი და მონათხრობი საკუთარი ახლობლების, პაპა-ბებიებისა თუ ხანდაზმული მეზობლების ნაამბობს ეყრდნობა და მთელი სიცხადით წარმოაჩენს საკვლევი მოვლენების არსს. ეს არის გამოცდილება, რომელიც განსაკუთრებით ძვირფასია მათთვის არა მხოლოდ როგორც პირადული, არამედ ხმაა წარსულიდან, რომელზეც ისტორიის წიგნებიდან არც ისე გასაგებად იციან. ეს არის საკუთარი შრომით, მონდომებით, მცდელობით მოძიებული სიმართლე და ოქროს ფასი აქვს მათთვის. ხოლო ამ სიმართლეზე გაკეთებული დასკვნები და შეფასებები ამ ახალგაზრდების ხედვას განსაზღვრავს წარსულთან მიმართებაშიც, დღევანდელობაშიც და სამომავლოდაც. ეს კი ის მარგალიტია, მონაპოვარი კონკურსისა, რომელიც ფასეულს ხდის მას და დღემდე უნარჩუნებს სიცოცხლეს. აი, ამიტომ.
ორგანიზატორები
ახლა რაც შეეხება უშუალოდ წლევანდელ კონკურსს. საქართველოს გარდა ის მოლდოვაში, სომხეთში და უკრაინაში ჩატარდა. უკრაინელებმა, რომლებიც დღესაც უდიდეს მსოფლიო ისტორიას წერენ, გახიზნულებმა მოახერხეს კონკურსში მონაწილეობა. საერთაშორისო ქსელის EUSTORY-ს ფარგლებში ეს იყო ისტორიის რიგით მესამე კონკურსი საქართველოში, რომელიც DVV International-მა (სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტმა) განახორციელა. პროექტის ადგილობრივი პარტნიორები გახლდათ ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია (იმსა) და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი), ხოლო პატრონაჟს პროექტს კავკასიის უნივერსიტეტი უწევდა. კონკურსის თემა „30 წელი საბჭოეთის დასრულებიდან“ გვიანი საბჭოეთისა და გარდამავალი პერიოდის საქართველოს ცხოვრებას ეხებოდა. კონკურსში სკოლის საშუალო და დამამთავრებელი საფეხურების მოსწავლეები და მათი ხელმძღვანელი მასწავლებლები მონაწილეობდნენ. საწყის ეტაპზე კონკურსის მონაწილე პედაგოგებს DVV International-ის ორგანიზებით სათანადო ტრენინგები ჩაუტარდათ, რომელთა მიხედვით შემდგომ ისინი ნაშრომების დამუშავებაში ეხმარებოდნენ მოსწავლეებს. კონკურსში მონაწილეობა იყო ინდივიდუალურიც და ჯგუფურიც და გარკვეულ კრიტერიუმებს ითვალისწინებდა. საკონკურსო ნამუშევრების ფორმატი იყო არა მხოლოდ წერილობითი, არამედ ვიდეომასალის, პოსტერებისა თუ სხვა სახით. შედეგები კომპეტენტურმა ჟუირიმ ქულებით შეაფასა და გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები (ვაუჩერები) გადაეცათ.
გამარჯვებული ნაშრომები
„სამი ათეული წელი გავიდა საბჭოთა კავშირის დაშლიდან. დასრულდა კი საბჭოთა მემკვიდრეობა? სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ აქტუალური საკითხია. მართალია, დასრულდა ეპოქა „ბოროტების იმპერიად“ წოდებული ზესახელმწიფოსი, მაგრამ მისი აჩრდილი კიდევ დიდხანს არ მოასვენებს იმ ხალხებს (რესპუბლიკებს), რომელთაც სისხლის ფასად მოიპოვეს თავისუფლება“ - ეს არის ამონარიდი ერთ-ერთ გამარჯვებული ნაშრომიდან - „ აფხაზეთის ომის გმირები და ანტიგმირები“, რომელიც პედაგოგ ეკატერინე უშიკიშვილის ხელმძღვანელობით მოამზადეს საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა ნინი არჩვაძემ, თინათინ ბურდულმა და გიორგი ახალაურმა თიანეთის N 1 საჯარო სკოლიდან. ნაშრომის ავტორები აფხაზეთის ომის მტკივნეულ თემას ეხებიან და მათ მიერ გამოკითხული თვითმხილველი ვეტერანების მონაყოლიდან და გადასახედიდან გვაცნობენ ამ უსამართლო ომის ცნობილ და უცნობ გმირებს, დადებით და უარყოფით პერსონაჟებს, რომელთა ქმედებები ომის ბედზე აისახა. თავიანთ კვლევაში კონკურსის მონაწილეებმა იმაზე ბევრად მეტი შეიტყვეს და გაიაზრეს, ვიდრე მათ სკოლის სახელმძღვანელოებიდან იციან აფხაზეთის ომზე და ზემოთ აღნიშნული დასკვნაც მათი დაკვირვების შედეგია. ამ ნაშრომმა მათ მეოთხე ადგილი მოუპოვა კონკურსზე და სამუდამოდ დაუტოვა ცოდნა, რომელიც საკუთარი შრომითა და მიგნებით მოიძიეს და გაუზიარეს სხვებსაც.
მესამე ადგილზე გასული საკონკურსო ნამუშევარი არის ვიდეო „ქართული განათლება გვიან საბჭოეთსა და გარდამავალი პერიოდის საქართველოში“, რომელიც პედაგოგ თამუნა მაჭარაშვილის ხელმძღვანელობით14 წლის ნიკოლოზ შარაბიძემ (ათასწლეულის სკოლა, თბილისი) შექმნა და მისი თვლათახედვით გადმოგვცაიმდროინდელი სკოლის მახასიათებელი დარღვევები და მანკიერებები.
მეორე ადგილი ორმა ნამუშევარმა გაიყო, ორივე საბჭოეთის მძიმე ყოფას ასახავს და ემოციურად გადმოგვცემს ეპოქის უსამართლობას, ტოტალიტარიზმს, ადამიანების უგულებელყოფას, რეჟიმის მსხვერპლად ქცევასა და ბოლოს მათ განადგურებას. ძალიან ზუსტი აქცენტებით ორივე ნაშრომი სულისშემძვრელ რეალურ ისტორიებს განიხილავს და ჟიურიმ დამსახურებულად აღიარა ისინი საუკეთესოდ. ერთი - „ტოტალიტარული „სიმართლე“ - ჩერნობილის ტრაგედია“ - ელისაბედ სახოკიას, სანდრო ლომაიასა და ირაკლი ჯანაშიას ეკუთვნით სენაკის წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებელი სკოლა-გიმნაზიიდან, რომელთაც ხელმძღვანელობას პედაგოგი ნათელა დავითაია უწევდა. ვრცელი ნაშრომია, საფუძვლიანად აღწერილი ჩერნობილის მოვლენებით, მაშინდელი ნომენკლატურის დანაშაულებრივი მოქმედებებით, ბიუროკრატიით, სახელმწიფოებრივი დანაშაულით და ამის გამო დამდგარი კატასტროფული შედეგით. ბევრი უმუშავიათ და დასკვნებიც სწორად გაუკეთებიათ, თუ როგორი არ უნდა იყოს სახელმწიფო და როგორ არ უნდა ექცეოდეს ის თავის მოქალაქეებს.
მეორე ადგილოსანია, ასევე, ბარბარე ცხადაძის, ლიზი ქართველიშვილისა და ირაკლი აბრამაშვილის ნაშრომი სურამის ლესია უკრაინკას სახელობის #3 სკოლიდან - „მადლობა, ღმერთო, რომ ამას მომასწარ…“, ხელმძღვანელი - ნათელა გოგალაძე. აი, სწორდ აქ არის, თუ არის, საბჭოთა ადამიანის სრული ტრაგიზმი, უფრო სწორად საბჭოეთში, თორემ ნაშრომის გმირი სვიმონ ხვედელიძე არასოდეს ყოფილა საბჭოთა, პირიქით, სწორედ კატეგორიულად ანტისაბჭოთა განწყობას შეეწირა იგი. რეალური ისტორიაა, რომლის აღსადგენად ავტორებმა მრავალი თვითმხილველი და გამგონე გამოკითხეს. მისი ამბავი გასული საუკუნის დასაწყისში იწყება, 70 წლიან საბჭოთა პერიოდს გამოივლის სრულად და 90-იანებში სრულდება, როცა ბოლოსდაბოლოს ახდა სვიმონის ნანატრი ოცნება და საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა სვიმონ ხვედელიძემ ეს სამყარო და ფსიქიატრიული საავადმყოფოს კედელზე, სადაც თითქმის მთელი ცხოვრება გაატარებინა მაშინდელმა რეჟიმმა, დატოვა მინაწერი - „მადლობა, ღმერთო, რომ ამას მომასწარ“. ამ სულისშემძვრელ ისტორიას ისე შთამბეჭდავად გადმოგვცემენ ავტორები, რომ საბჭოეთის დასრულებიდან 30 წლის მერეც ზუსტად გრძნობ, როგორ ასახიჩრებდა საბჭოთა რეჟიმი ადამიანების ბედ-იღბალს და რა სულისშემხუთველი მარწუხებიდან გათავისუფლდა ეს სამყარო მისი დამხობით.
დაბოლოს, დაუმორჩილებელი სვიმონ ხვედელიძის საპირისპიროდ, პირველ ადგილზე გასული ნამუშევარი, რომელიც ჟიურიმ მაქსიმალური ქულებით შეაფასა, იმ ადამიანზე მოგვითხრობს, რომელიც შინაგანი წინააღმდეგობის მიუხედავად, ასე თუ ისე „დაჰყვა“ საბჭოთა რეჟიმს და ათეული წლები საბჭოთა სკოლის დირექტორად იმუშავა. იგი ნაშრომის ავტორის, 14 წლის ქეთევან ხიზანიშვილის (თბილისი, ათასწლეულის სკოლა, ისტორიული მოთხრობით - „მოჯადოებული წრე“, ხელმძღვანელი - თამუნა მაჭარაშვილი) პაპაა, რომელიც გულახდილად უყვება თავის შთამომავალს, თუ რა მორალური წნეხი და ავ-კარგი გამოიარა და როგორ (ვერ) ებრძოდა საბჭოთა სკოლის მანკიერებებს. დიახ, ეს სრულიად მიუღებელი, გაუმართლებელი ქმედებებია, რომელიც იმდენად იყო გამჯდარი მაშინდელ საზოგადოებაში, რომ მათთან ბრძოლა უდიდეს ძალისხმევას მოითხოვდა, მით უფრო, თუ ხელმძღვანელი პოზიცია გეკავა. ეს იყო მოჯადოებული წრე, რომლის გარღვევაც იყო ძალიან ძნელი, რადგან, როგორც პაპა ამბობს, ათასგვარ გაჭირვებას შორის ყველაზე დიდი გაჭირვება მაშინ ღირსების გაჭირვება იყო.
ვრცელი საუბარია, რომელიც იმ ეპიზოდით იწყება, როცა ჯერ კიდევ პატარა ბავშვმა იგრძნო საბჭოთა წყობის ცინიზმი და დამცირება გააპროტესტა, თუმცა „დროთა განმავლობაში პაპაჩემიც იმავე ტრადიციის მსხვერპლი გახდა, რასაც მთელი მონდომებით ებრძოდა. ის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ბავშვებს მაღალ იდეალებზე ესაუბრებოდა და ცხოვრებაზე აფიქრებდა, თვითონაც იმ სტრუქტურის ნაწილად იქცა“, - გულდაწყვეტით აღნიშნავს ავტორი.
თხრობის დასასრულს პაპა აღიარებს თავის შეცდომებს. „მე ვფიქრობ, რომ ამაზე რთული და ტრაგიკული ამ გახრწნილ კორუფციულ სისტემაში მონაწილეობის შვილიშვილთან აღიარება იყო - „შენ მე მაღიარებინე, რომ ქურდი ვიყავი”, - წერს იგი.
დასკვნის მაგიერ
…დიახ, იმდროინდელ მანკიერებებზე დღეს შვილიშვილები წერენ. 30 წელი საბჭოეთის დასრულებიდან, ალბათ, ამ მანკიერებების აღიარების ეპოქაა და იმის გააზრება, თუ რა აღარ უნდა განმეორდეს ჩვენს ცხოვრებაში, რა აღარ უნდა დავუშვათ და რა ვასწავლოთ, საითკენ მივუთითოთ ახალგაზრდობას, რომელიც თავისი შეუბღალავი გონებით ზუსტად აღიქვამს და აფასებს მოვლენებს. მათ მიერ გაკეთებული სწორი დასკვნები გარანტიაა იმისა, რომ წარსული შეცდომებისგან დავიცვათ ჩვენი მომავალი. ამიტომ, რაც შეიძლება ბევრი და ყველა ფორმატით (კონკურსი ერთ-ერთია) უნდა ვესაუბროთ მათ ამაზე - მით უფრო დღეს, მით უფრო დღეს… DVV International-ის მიერ ორგანიზებული ეს კონკურსიც სწორედ ამას ემსახურებოდა.
რიტა ბაინდურაშვილი