ისტორიის კონკურსი სკოლის მოსწავლეთათვის 2021-2022 - 30 წელი საბჭოეთის დასასრულიდან
თემები: ადამიანების და თემის მეხსიერება გვიან საბჭოეთზე და გარდამავალი პერიოდის საქართველოზე / „სკოლა და ცხოვრება“ გვიან საბჭოეთსა და გარდამავალი პერიოდის საქართველოში.
ისტორიის კონკურსი მოსწავლეთათვის უკვე მესამედ დაიწყო გერმანული კიორბერის ფონდისა (Körber-Stiftung) და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის - DVV International-ის ეგიდითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით. პროექტი ერთდროულად ხუთ ქვეყანაში: უკრაინაში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში ხორციელდება.
,,უარყოფასა და ნოსტალგიას შორის: საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორია ოჯახებსა და ადგილობრივ თემებში“ - ასეთია წლევანდელი პროექტის საერთო თემა, რომლის ფარგლებშიც შეირჩევა თემები როგორც მასწავლებელთა ტრენინგების, ასევე მოსწავლეთა კონკურსებისათვის.
საქართველოში პროექტზე DVV International-თან ერთად ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია (GAHE) და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SovLab) მუშაობენ. ადგილობრივ თემად შეირჩა ,,30 წელი საბჭოეთის დასასრულიდან“.
წლევანდელი კონკურსი ორი ასაკობრივი ჯგუფისთვის ჩატარდება - საბაზო (12-15 წ.) და საშუალო საფეხურის (15-18წ.) მოსწავლეებისათვის. საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის ქვეთემად შეირჩა ,,ადამიანების და თემის მეხსიერება გვიან საბჭოეთსა და გარდამავალი პერიოდის საქართველოზე“, ხოლო საბაზო საფეხურის მოსწავლეთა ნაშრომები უნდა მიეძღვნას ქვეთემას: „სკოლა და ცხოვრება“ გვიან საბჭოეთსა და გარდამავალი პერიოდის საქართველოში“.
პროექტის საწყის ეტაპზე შეირჩევა დაინტერესებულ ისტორიის პედაგოგთა ჯგუფი, რომლებიც ტრენინგების ციკლის გავლის შემდეგ დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებთან ითანამშრომლებენ და ხელმძღვანელობას გაუწევენ შერჩეულ თემაზე საკონკურსო ნაშრომების მომზადებაში.
მონაწილეობის მსურველ მასწავლებლებს ვთხოვთ, შეავსონ კითხვარი და გამოგვიგზავნონ მისა-მართზე historycompetitions@gmail.com ამა წლის 19 სექტემბრამდე.
კითხვარის ჩამოტვირთვა ასევე შესაძლებელია კონკურსის ფეისბუკ-გვერდიდან https://www.facebook.com/HCgeorgia3.0