წლევანდელი კონკურსის თემა ცნობილია

წლევანდელი კონკურსის თემა ცნობილია

30 წლის წინ საბჭოთა ტოტალიტარული სახელმწიფოს კრიზისითა და დაშლით დიდი ეტაპი დასრულდა მსოფლიო ისტორიაში. “ცივ ომში” დასავლურმა დემოკრატიამ გაიმარჯვა. მსოფლიოში ეიფორია იმდენად დიდი იყო რომ ფილოსოფოსების ნაწილი “ისტორიის დასასრულზეც” კი ალაპარაკდა, რადგან კომუნიზმის მთავარი ბურჯის დაცემა და მისი დასავლურ სამყაროსთან დაპირისპირების გაქრობა სამყროს მოსაწყენს და უინტერესოს გახდიდა.

საბჭოეთის დაცემის მომასწავებელი პირველი ბზარები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის “სოციალისტური ბანაკის” ქვეყნებში გაჩნდა; მასობრივმა, მშვიდობიანმა საპროტესტო გამოსვლებმა ხავერდოვანი რევოლუციების ჯაჭვით დაამხეს საბჭოეთის სატელიტი სოციალისტური რეჟიმები. მასობრივი სოციალური და ნაციონალური პროტესტის ტალღა საბჭოეთსაც მოედო. რეჟიმის მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციების სასტიკი დარბევების და ძალისმიერი კურსის დაბრუნების მცდელობის მიუხედავად, გამოფიტულმა სისტემამ ყველა შინაგანი რესურსი ამოწურა და “ხალხთა საპყრობილემ” იმაზე სწრაფად დაასრულა არსებობა, ვიდრე ყველაზე ოპტიმისტი ექსპერტები პროგნოზირებდნენ.

საბჭოთა კავშირის დანგრევიდან მოყოლებული, 90-იანი წლებიდან, შეიცვალა სკოლის ფუნქციაც, მას ჩამოშორდა აღმზრდელობითი კომპონენტი და დარჩა მხოლოდ საგანმანათლებლო. ცვლილება მოხდა ისტორიის სწავლებაშიც: შეიქმნა ადგილობრივი ისტორიის სახელმძღვანელოები, დაფუძნებული ეროვნულ ნარატივზე. დაიმსხვრა საბჭოთა იდეოლოგიაც და მისი ადგილი დაიკავა ეროვნულმა ნარატივმა და იდეოლოგიამ.

საბჭოთა განათლების სისტემის ხერხემალი იყო საბჭოურ-კომუნისტურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, რომლის ძირითადი მიზანი გახლდათ საბჭოთა მოქალაქის აღზრდა და მეცნიერების საფუძვლების ზოგადი წარმოდგენა-ცოდნის მიცემა. საბჭოთა სკოლის მესვეურებს ამ მიზნის მიღწევაში ეხმარებოდა ერთპარტიული საბჭოთა სახელმწიფოს მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგია და მისი ქოლგის ქვეშ მყოფი იდეოლოგიური ორგანიზაციები - კომკავშირი და პიონერია. მათი ძირითადი ფუნქცია და მოვალეობა იყო სკოლასთან ერთად აღეზარდათ საბჭოთა სახელმწიფოს ერთგული და მხურვალე მხარდამჭერი ახალგაზრდები.

მე-20 საუკუნის კომუნისტური რეჟიმის დროს განათლების სისტემა, შორიდან თუ შევხედავთ, გარეგნულად თითქოს მოწესრიგებული იყო. მაგრამ კომკავშირი და კომუნისტური პარტია ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ მოსწავლეებში ჩაენერგათ კომუნისტური სულისკვეთება. სწავლის ხარისხს ისეთ ყურადღებას არ უთმობდნენ, როგორსაც მათ აღზრდას კომუნისტური იდეებით. რაც შეეხება ისტორიულ განათლებას, ძირითადად ისწავლებოდა საბჭოთა კავშირის ისტორია, დაფუძნებული ფორმაციულ განვითარებაზე და კლასობრივ ბრძოლაზე.

დღეს, პოსტ-საბჭოთა სივრცისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისათვის კომუნისტური ტოტალიტარიზმის დაცემის ეს მრგვალი თარიღი მნიშნელოვანი იმპულსია კრიტიკულად გავაანალიზოთ, სად ვართ 30 წლის შემდეგ, რამდენად დავშორდით და დავძლიეთ ტოტალიტარიზმი, როგორ ვუყვებით მომავალ თაობებს ამ გამოცდილებაზე, რა გამოწვევები მოგვყვება დღემდე.

საქართველოს გამოცდილება საბჭოეთის ნგრევის პროცესში ერთი მხრივ, ამ საერთო სურათის ნაწილია და ასევე თავისი სპეციფიკაცითაც გამოირჩევა. თაობა, რომლის თვალწინ და რომელთა ჩართულობით ტოტალიტარული სახელმწიფო დასრულდა და ჩვენი ქვეყანა ახალ განზომილებაში გადავიდა ჯერაც აქტიურია და ამ მეხსიერებას დღემდე ინახავს, თუმცა ბევრი არ ინტერესდება, რომ საზოგადოებამ სწორედ მათი ხმები მოისმინოს - როგორ ცხოვრობდნენ ქალქებში თუ რეგიონებში ჩვეულებრივი ადამიანები გვიან საბჭოეთში? როგორ იმოქმედა მათზე “პერესტროიკის” სიგნალებმა? როგორ ცდილობდნენ საყოველთაო კრიზისში თავის გადარჩენას ცალკეული ადამიანები თუ თემები? რა მოტივებით და იდეებით ერთვებოდნენ მასობრივ საპროტესტო მოძრაობაში? როგორ წარმოედგინათ მომავალი? როგორი აღმოჩნდა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოქალაქეობა? რა როლი შეასრულა საბჭოთა განათლებამ ამ პროცესებში?

სკოლის, მოსწავლისა და თემის დონეზე ამ კითხვების დასმით კონკურსის მონაწილეები საქართველოს პერსპექტივით შეავსებენ ტოტალიტარიზმის დაძლევისა და მემკვიდრეობის გააზრების საერთო ევროპული ისტორიის სურათს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 12-18 წლის ასაკის მოსწავლეებს.

English / Русский