ტუტორების შერჩევა
ისტორიის კონკურსი მოსწავლეთათვის უკვე მესამედ დაიწყო გერმანული კიორბერის ფონდის (Körber-Stiftung) და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის - DVV International-ის ეგიდითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.
პროექტი ერთდროულად ხუთ ქვეყანაში: უკრაინაში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში ხორციელდება. “უარყოფასა და ნოსტალგიას შორის: საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორია ოჯახებსა და ადგილობრივ თემებში” - ასეთია წლევანდელი პროექტის საერთო თემა, რომლის ფარგლებშიც შეირჩევა თემები როგორც მასწავლებელთა ტრენინგების, ასევე მოსწავლეთა კონკურსებისათვის.
საქართველოში პროექტზე DVV International - თან ერთად ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია (GAHE) და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SovLab) მუშაობენ. ადგილობრივ თემად შეირჩა “30 წელი საბჭოეთის დასასრულიდან”.
წლევანდელი კონკურსი ორი ასაკობრივი ჯგუფისთვის ჩატარდება - საბაზო (12-15 წ.) და საშუალო სკოლის (15-18წ.) მოსწავლეებისათვის. საშუალო სკოლის მოსწავლეთათვის ქვეთემად შეირჩა “ადამიანების და თემის მეხსიერება გვიან საბჭოეთსა და გარდამავალი პერიოდის საქართველოზე”, ხოლო საბაზო საფეხურის მოსწავლეთა ნაშრომები უნდა მიეძღვნას ქვეთემას: “სკოლა და ცხოვრება გვიან საბჭოეთსა და გარდამავალი პერიოდის საქართველოში”.
პროექტი ქართულ ენაზე წარიმართება, მაგრამ შესაძლებელია მონაწილე მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა წარმოადგინონ ნამუშევრები სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.
მონაწილეობის მსურველ ისტორიის მასწავლებლებს ვთხოვთ, შეავსონ კითხვარი, რომელიც დაგვეხმარება თქვენი აქტივობების უკეთ გაცნობაში და გამოგვიგზავნოთ მისამართზე: historycompetitions@gmail.com